ბაკურიანში 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება

13

„მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა, ერთი მხრივ, არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენს ზამთრის კურორტებს, მათ შორის, ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა და ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი, მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაკურიანში, სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მშენებლობის დაწყების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფსა“ და საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის გაფორმდა.

მინისტრის განცხადებით, ბაკურიანში მიმდინარეობს აქტიური სამზადისი 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად.

„საქართველოს მთავრობის მიერ უახლოეს წლებში განხორციელდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, განახლდა კოხტა-მიტარბის ინფრასტრუქტურა, საქართველოში პირველად დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების აგრეგატები დიდველზე, ბევრი სხვა რამ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო დიდი და ამბიციური გეგმები, მათ შორის დღევანდელი პროექტიც, როცა საფუძველი ეყრება ახალ განვითარებას დიდველზე – საერთაშორისო დონისა და სტანდარტების შესაბამისად, კომპანია „დოპელმაიერის“ მიერ აშენდება 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო, რაც ნიშნავს დაახლოებით 20 კილომეტრამდე ახალ სასრიალო-სათხილამურო ტრასებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბაკურიანში ახალი საბაგიროების მშენებლობაზე ხელშეკრულება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფსა“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის გაფორმდა. საბაგიროების მშენებლობა, თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდველისა და კოხტაგორის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.

საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბაკურიანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი არად ბენკო და „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი და მოწვეული სტუმრები.

Comments
Loading...