ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლები გასულ წელს 166,5 მილიონი ლარი იყო

6

2019 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,8 პროცენტი ქ. თბილისშია, ხოლო 20,7 პროცენტი – იმერეთის, 12,0 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,0 პროცენტი – კახეთის, 7,2 პროცენტი – ქვემო ქართლის, 5,3 პროცენტი – აჭარის, 4,3 პროცენტი – შიდა ქართლის, 2,9 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 1,9 პროცენტი – გურიის, 1,9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის და 1,0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული. ამის შესახებ შესაბამისს მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2019 წელს მოქმედი ბაზრობების საერთო რაოდენობის 76,0 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმეების წილად კი – 21,6 პროცენტი.

ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია კოოპერატივის (1,0 პროცენტი), სააქციო საზოგადოების (1,0 პროცენტი) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0,4 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.

ბაზრობების 96,6 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 3,4 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში.

2019 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები განთავსებული იყო 2,0 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 53,1 ათასი მეტრია, რომელთა 65,7 პროცენტი შენობაშია განთავსებული.

2019 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 166,5 მლნ. ლარი შეადგინა. ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 50,4 მლნ. ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 30,3 პროცენტს შეადგენს. 63,3 პროცენტს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 6,4 პროცენტი – სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.

2019 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 99,6 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 29,3 მლნ. ლარია

2019 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა.

ბაზრობების 32,2 პროცენტი ვაჭრობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ-ერთ ბაზრობაზე მიმდინარეობს მხოლოდ სასურსათო საქონლით ვაჭრობა; სამი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება როგორც ფრინველი, ისე პირუტყვი.

საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 55,7 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 45,1 ათასი კაცი ვაჭრობს.

Comments
Loading...