“აჭარა ტექსტილი”: მზად ვართ, დავამზადოთ პირბადეები და უსასყიდლოდ გადავცეთ სახელმწიფოს და მოსახლეობას

10

“აჭარა ტექსტილში“ აიპრესის მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხობენ, რომ კომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და ამ ეტაპზე საწარმოებში მუშაობს დასაქმებულთა 60%, ხოლო დასაქმებულთა 40% დათხოვნაში იმყოფება.

კითხვებით კომპანიის მენეჯმენტს მას შემდეგ მივმართეთ, რაც ერთ-ერთი მკითხველი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ კომპანიაში 200 მდე დასაქმებული ერთ სივრცეში მუშაობს რაც ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს.

ჩვენს კითხვებზე რამდენად არის დაცული სამუშაო პირობები და უსაფრთხოების ზომები, კომპანიაში გვპასუხობენ, რომ სამსახურიდან დროებით გათავისუფლებულია რისკ ჯგუფებში მყოფი თანამშრომლები, გარდა ამისა თვითდათხოვნაში წასვლა შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს სურვილის შემთხვევაში.

გარდა უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისა, კომპანია „აჭარა ტექსტილი მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან. კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების პროცედურები განიხილეს. შეხვედრაზე „აჭარა ტექსტილის“ წარმომადგენლებმა გამოთქვენ მზადყოფნა აქტიურად ჩაერთონ პირბადეების დამზადების პროცესში.

„იმის გამო, რომ დღეს საქართველოში პირბადე და სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებები გარკვეულ პრობლემად რჩება, ჩვენ, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, მზად ვართ, ამ პროცესში  აქტიურად ჩავერთოთ და პირბადეების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ შევთავაზოთ სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობას“ –  განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „აჭარა ტექსტილის“ წარმომადგენელმა გია ლომინაძემ.

Comments
Loading...