აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დოლარის ინტერვენციებზე უარი თქვა

7

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ამ ეტაპზე, სავალუტო ბაზარზე არსებულ სიტუაციაში ჩარევას არ აპირებს.

Bloomberg-თან ინტერვიუში მან ამავდროულად სამომავლოდ დაუშვა დოლარის ინტერვენციები და განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯები შეთანხმებული უნდა იყოს ფედერალურ სარეზერვო სისტემასთან და აშშ-ის ახლო მოკავშირეებთან.

ამგვარად გასცა მნუჩინმა პასუხი სპეკულაციებზე, რომლის მიხედვითაც აშშ შესაძლოა, დოლარის კურსის დასუსტებას ცდილობდეს. აღნიშნული თეორიის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი დონალდ ტრამპის განცხადება გახდა, რომელიც ასე ჟღერს: „ძალიან ძლიერი დოლარი, ძალიან სუსტი ფედერალური სარეზერვო სისტემა.“

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მზად არის მიყვეს იმ შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა დიდი ოცეულის ივნისის შეხვედრაზე მიაღწიეს და რომლის მიხედვითაც, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საკუთარი საგარეო სავაჭრო პოზიციების გაუმჯობესების გამო არ ჩაერევიან სავალუტო კურსებში.

როგორც Bloomberg-ი წერს, ბოლოს შეერთებულმა შტატებმა სერიოზული დოლარის ინტერვენციები 2011 წელს განახორციელა. მაშინ ეს დაკავშირებული იყო იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ფონზე იენის კურსის დაცემასთან.

Comments
Loading...