არჩილ კბილაშვილი: „დავით ზეიკიძე მიიჩნევს, რომ  მოსამართლეების ქოჩიაშვილისა და მაკარიძის, ექსპერტ ამბროლაძის, ადვოკატების სალიასა და თეთრაშვილის შეთქმულების მსხვერპლი გახდა“

16

 

ბატონო არჩილ,  რა ვითარებაა ამჟამად ლიდერი-ფუდთან დაკავშირებულ დავაში?

– ლიდერი-ფუდთან დაკავშირებულ დავაში სიახლე არის ის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილებით დავით ზეიკიძის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და მისი განხილვა მხარეთა მონაწილეობით 2020 წლის 8 სექტემბერს მოხდება.

გთხოვთ შეგვახსენოთ, რა ძირითად არგუმენტებს ემყარება თქვენი პრეტენზია?

– ჩვენი პრეტენზია ემყარება იმ გარემოებას, რომ სარჩელი და თანდართული მასალები დავით ზეიკიძეს არ ჩაბარებია და აქედან გამომდინარე, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა. სხვათა შორის, აღნიშნულ აზრს, ასევე იზიარებს საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციაც, რომელიც საქმის შესწავლის შემდეგ იგივე დასკვნამდე მივიდა.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გვერდი აუარეს, არ მოიხსენიეს, ან დამახინჯებულად წარმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც დავით ზეიკიძისათვის სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავდნენ. ასეთი მტკიცებულება ძალზედ ბევრია. მე მხოლოდ მათ ნაწილს ჩამოვთვლი. ესენია: ვიდეოჩანაწერი, რომელიც ლიდერი-ფუდის ოფისში კურიერის მოსვლას ასახავს ხელში თეთრი კონვერტით; კურიერის ჩვენება, რომელმაც სასამართლო პროცესზე სიტყვა-სიტყვით განაცხადა შემდეგი: „კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ, ზოგადად, რომ სასამართლოს წერილი რომ მიმეტანოს, ეგეთი რაღაც არ მახსოვს“ – ანუ, კურიერი ცალსახად აცხადებს, რომ ლიდერი-ფუდის ოფისში სასამართლოს წერილი არასოდეს მიუტანია, ხოლო იმას, რომ კარგად იცნობს, თუ როგორ გამოიყურება სასამართლოს წერილი, კურიერი თავის იმავე ჩვენებაში ასევე ცალსახად ადასტურებს.  ასევე სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავენ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ალტერნატივას“ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კურიერის ხელში თეთრი კონვერტის არსებობას ადასტურებს, რაც თავისთავად გამორიცხავს სასამართლო კონვერტის ჩაბარების ფაქტს; მოსარჩელის მეუღლის სატელეფონო მიმოწერა ვაიბერით ლიდერი-ფუდის კანცელარიის მუშაკთან; არაერთი მოწმის ჩვენება და მრავალი სხვა წერილობითი მტკიცებულება ცალსახად გამორიცხავენ მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარებას. და რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს სასამართლო უწყება, რომლითაც კანონის მიხედვით სარჩელის ჩაბარება უნდა მოხდეს.

 

ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტის შესახებ მინდა გითხრათ, რაც საერთოდ გამორიცხავს დავით ზეიკიძისთვის სარჩელის ჩაბარებას. სანამ მოსარჩელე სასამართლოში სარჩელს შეიტანდა, მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნით დავით ზეიკიძის წილს ლიდერი-ფუდში ყადაღა დაადო. დავითმა მყისვე აიყვანა ადვოკატი, რომელმაც ეს ყადაღა გაასაჩივრა. ამავდროულად, ადვოკატმა სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ მომავალში დავით ზეიკიძისათვის განკუთვნილი მასალები პირდაპირ ადვოკატისათვის გადაეგზავნათ. ამ ფაქტს იმიტომ ვახსენებ, რომ კარგად მოსჩანს, თუ რაოდენ სერიოზულად ეკიდებოდა დავით ზეიკიძე ამ დავას. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია ფიქრიც კი იმის შესახებ, რომ დავაში მყოფ დავით ზეიკიძეს, რომელიც დავისათვის სერიოზულად ემზადებოდა, რომელმაც ადვოკატიც კი აიყვანა დავის საწარმოებლად, გამოეპარა და ვერ შეამჩნია, თუ როგორ მოვიდა ლიდერი-ფუდის ოფისში სარჩელი და თანდართული მასალები. აქედან გამომდინარე, დავით ზეიკიძე 100%-ით იყო დაინტერესებული რომ სარჩელი მიეღო და პასუხი გაეცა. ერთადერთი ვისაც სურდა და სურს, ეს ასე არ მომხდარიყო, არის მოსარჩელე, ვისაც 15 მილიონი დოლარის ღირებულების ქონების სწრაფად და მოკლე გზით დაუფლების სურვილი აქვს და რომელსაც ამ მიზნის მიღწევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოები დაეხმარნენ.

 

თქვენი აზრით, რატომ მოხდა ამ მტკიცებულებებისა და არგუმენტების ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ იგნორირება? 

 

– კანონდარღვევა იმდენად დიდია, რომ გვიჭირს ეს დარღვევა ჩვეულებრივ დარღვევათა რიგს მივაკუთვნოთ. სამართალწარმოების დროს არის შემთხვევები, როდესაც მოსამართლე კანონის ნორმას არასწორად განმარტავს, ან რომელიმე საპროცესო მოქმედებას კანონის დარღვევით განახორციელებს. ასეთი რამ ხდება და ამისთვის არსებობს ზემდგომი ინსტანციები, რომ ასეთი გადაცდომები გამოსწორდეს. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სარჩელის ჩაბარების გამომრიცხველი ამდენი მტკიცებულება არსებობს, როდესაც უგულებელყოფილია სარჩელის ჩაბარების კანონით დადგენილი წესი, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელის ჩაბარება, არც მეტი არც ნაკლები, დაამყარეს ვარაუდზე, რომ თეთრ კონვერტში სასამართლოს კონვერტი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩადებული, რომელშიც სარჩელი იქნებოდა. გადაწყვეტილება ემყარება ამ ვარაუდს და ეს პირდაპირ წერია დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მიღებულ განჩინებაში. ამას დაემატა ის, რომ მეორე ინსტანციაში საქმე განიხილა იმ მოსამართლემ (ბ-ნმა მაკარიძემ), რომელიც მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლესთან (ბ-ნ ქოჩიაშვილთან) ერთად სააპელაციო სასამართლოს პალატის ერთ შემადგენლობაში იყო. ამას დაემატა ისიც, რომ მოსარჩელის (ბ-ნი ირაკლი დუმბაძის) მიერ სასამართლოსათვის წარდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამმართველოს უფროსმა ბ-ნმა ლაშა ამბროლაძემ ერთ სამუშაო დღეში დაწერა. ამის მსგავსი შემთხვევა (ასეთ მოკლე ვადაში ამ სახის ექსპერტიზის დასკვნის მომზადება) ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ისტორიაში არ მომხდარა. არაგონივრულად მოკლე დროში მომზადების გარდა, ექსპერტიზის ეს დასკვნა შეუსაბამობაშია საქმის ნამდვილ არსთან. კერძოდ, –  ექსპერტმა ვიდეოზე ასახული, კურიერის ხელში არსებული კონვერტი შეაფასა, როგორც 49 ფურცლის შიგთავსის მქონე კონვერტი. რეალურად კი ფაქტია, რომ ექსპერტმა ამბროლაძემ საერთოდ იგნორირება გაუკეთა იმას,  რომ კურიერს ხელში არა ერთი, არამედ ორი კონვერტი უჭირავს. ამ ფაქტს ადასტურებს დავით ზეიკიძის მხარის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ცალსახად აღნიშნავს ორი კონვერტის არსებობის ფაქტს და იმასაც, რომ ორივე კონვერტი იმდენად იღუნება ხელის მოჭერის ადგილებზე, რომ სისქით არც ერთი შეესაბამება 49 ფურცლის შიგთავსის მქონე კონვერტებს და ორივე მათგანი თეთრი ფერისაა, განსხვავებით სასამართლო კონვერტისგან.

ამდენად, ჩვენთვის გაუგებარია, ამბროლაძის რანგის ექსპერტმა ასეთი „შეცდომა“ როგორ დაუშვა, ვერ შეამჩნია და არ მიუთითა ის, თუ რომელ კონვერტზე გამოიტანა  ექსპერტიზის გადაწყვეტილება და საუბრობს ერთ კონვერტზე, როცა გამოსაკვლევ მასალაში ცალსახად მტკიცდება ორი კონვერტის არსებობა. შესაბამისად, მის მიერ ხელმოწერილი დასკვნა ნამდვილად სცილდება პროფესიული გადაცდომის ფარგლებს და გვაფიქრებინებს, რომ მისი ეს ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დავით ზეიკიძე ფიქრობს, რომ იგი მოსამართლე ქოჩიაშვილისა და მაკარიძის, ექსპერტ ამბროლაძის, ადვოკატების სალიასა და თეთრაშვილის და მოსარჩელე დუმბაძის შეთქმულების მსხვერპლი გახდა, რასაც შედეგად მოყვა ის, რომ ამ  ადამიანებმა ორი ინსტანციის სასამართლოში ზეიკიძეს კუთვნილი 15 მილიონი დოლარის ქონება სასამართლო განხილვის გარეშე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალით ჩამოართვეს. აი, რატომ ვთვლით, რომ ამ საქმეში კორუფციის სავარაუდო ნიშნები არის. სწორედ ამიტომ, დავით ზეიკიძე უახლოეს დღეებში განცხადებით მიმართავს გენერალურ პროკურორს ზემოთდასახელებულ პირთა წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რადგან ბატონი დავითი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ამ პირებმა მის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ანგარებითი დანაშაული ჩაიდინეს მისი ქონების უკანონო დაუფლების მიზნით.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამჟამად საქმე წარმოებაშია უზენაეს სასამართლოში, რომელმაც საქმე დასაშვებად ცნო და საქმის განხილვა 2020 წლის 8 სექტემბერს დანიშნა.

 

დავუშვათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არასწორად მოხდა, დავუშვათ ისიც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო გააუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ პასუხი გასცეთ ირაკლი დუმბაძის სასარჩელო პრეტენზიას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დავით ზეიკიძემ მას არ გადაუხადა წილის ნასყიდობის საფასური, კერძოდ, 1 მილიონი ლარი, რომლის გადახდაც მას წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ევალებოდა. რა პასუხი გაქვთ ამ პრეტენზიაზე?

– კარგი კითხვაა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ყველა ჩემს საჯარო განცხადებაში, მე მთელ ყურადღებას ვუთმობდი სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უკანონობას და მოვითხოვდი იმას, რომ სასამართლოს დავა შინაარსობრივად განეხილა. თქვენი კითხვა სწორედ რომ დავის შინაარსს შეეხება და ამიტომაც იმ არგუმენტების შესახებ მოგახსენებთ, რაც ჩვენ მხარეს ბ-ნი ირაკლი დუმბაძის სარჩელის საპირისპიროდ გააჩნია. მოსარჩელე (ბ-ნი ირაკლი დუმბაძე) აცხადებს შემდეგს: 2018 წლის 21 მარტს მან შპს “ლიდერი ფუდის“ 50% წილი დავით ზეიკიძეზე ერთ მილიონ ლარად გაასხვისა. დავით ზეიკიძეს ფული არ გადაუხდია, ამიტომ იგი ხელშეკრულების გაუქმებას და წილის უკან დაბრუნებას ითხოვს. ერთი შეხედვით აქ ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც მოსარჩელე აცხადებს: არსებობს 2018 წლის 21 მარტს წერილობით დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც წილის გამყიდველი არის ბ-ნი ირაკლი დუმბაძე, მყიდველი – დავით ზეიკიძე, გაყიდული წილი არის შპს “ლიდერი-ფუდის“ 50%, ხოლო ნასყიდობის ფასი არის ერთი მილიონი ლარი. იმასაც ვადასტურებთ, რომ დავით ზეიკიძეს ეს თანხა არ გადაუხდია. მაშ, რაში მდგომარეობს მოსარჩელის პრეტენზიის უსაფუძვლობა და რით ვაპირებთ თავის დაცვას?

საქმე ის გახლავთ, რომ ხელშეკრულებაში გაკეთებული ჩანაწერი წილის ფასისა და მისი გადახდის ვალდებულების შესახებ, არის ფიქტიური ჩანაწერი. სამართალში არის ასეთი ცნება – მოჩვენებითი გარიგება. მოჩვენებითია გარიგება, როდესაც ხელშეკრულების ტექსტი და რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება. ნათქვამი რომ გასაგები იყოს მოვიყვან ასეთ მაგალითს. პრაქტიკაში ხშირად გვხვდება შემთხვევა, როდესაც პირი ქონებას იძენს, მაგრამ გარკვეული მოსაზრების გამო ამ ქონებას თავის სახელზე არ აფორმებს. შეძენილი ქონების აღრიცხვა ხდება ზოგჯერ მეუღლის, ზოგჯერ მეგობრის, ზოგჯერ სიდედრის ან ნათესავის სახელზე. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტში ქონების შემძენებად ზემოაღნიშნული პირებია მითითებული, მაგრამ ქონების რეალური მესაკუთრე სხვაა.  კანონი ასეთ გარიგებებს მოჩვენებით გარიგებებს ეძახის და აცხადებს, რომ ამ დროს ქონების ნამდვილი მესაკუთრე უნდა იქნეს დადგენილი.

სწორედ მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. შპს “ლიდერი-ფუდის“ მთელი ქონება შექმნილია დავით ზეიკიძის მიერ. 9235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ლიდერი-ფუდის შენობა-ნაგებობა დგას, ზეიკიძის ფირმამ 750,000 ლარად მიყიდა ლიდერი-ფუდს, თუმცა თანხა არ გადახდილა და სინამდვილეში ქონების უსასყიდლო გადაცემას ჰქონდა ადგილი.

601,755 ევროდ შეძენილი ავსტრიული მანქანა-დანადგარები, რომლითაც ლიდერი-ფუდი ამჟამად პროდუქტს აწარმოებს, ზეიკიძის მეორე ფირმამ 1,020,112.40 ლარად გადასცა ლიდერი-ფუდს, თუმცა თანხა არც აქ გადახდილა და აქაც სინამდვილეში ქონების უსასყიდლო გადაცემას ჰქონდა ადგილი.

შენობა-ნაგებობა, რომელშიც ლიდერი-ფუდია განლაგებული აშენებულია დავით ზეიკიძის საკუთარი სახსრებით და ბანკიდან აღებული კრედიტით.

დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ დავით ზეიკიძემ ლიდერი ფუდში სხვადასხვა დროს 82,000 ევროს და 890,000 აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა, ხოლო მისმა ორმა ვაჟმა საწარმოს, საერთო ჯამში, 238,000 აშშ დოლარი გადასცეს, თუმცა ესეც დავით ზეიკიძის ფულადი რესურსი იყო. საწარმოსათვის თანხების მიწოდება ხდებოდა საწარმოს უსაფრთხოების თანამშრომლების სახელით, საწარმოს საბანკო ანგარიშზე თანხების შეტანის გზით, ისე რომ ფულის შემომტანად დავით ზეიკიძის სახელი არ ფიქსირდებოდა.

ამრიგად, საწარმოს მიწა, შენობა-ნაგებობა, მანქანა-დანადგარები და ფინანსური რესურსები საწარმოში უსასყიდლოდ იქნა ინვესტირებული დავით ზეიკიძის მიერ. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ბ-ნ ირაკლი დუმბაძეს შპს “ლიდერი-ფუდში“ არც ნივთიერი და არც ფულადი ქონების სახით არავითარი ინვესტიცია არ განუხორციელებია. 2008 წელს მის სახელზე შპს “ლიდერი-ფუდის“ 100% წილის აღრიცხვა განპირობებული იყო იმით, რომ ბ-ნი ირაკლი დუმბაძე ზეიკიძეების ოჯახის სიძე (ქალიშვილის ქმარი) იყო და დავითის დიდი ნდობით  სარგებლობდა. უფრო მეტიც, იმდენად დიდი იყო ნდობა მის მიმართ, რომ ზეიკიძის კუთვნილი კიდევ სხვა კომპანია ერთი პერიოდი ირაკლი დუმბაძის ბიძაზეც კი იყო გაფორმებული. ამით თავისთავად ესმება ხაზი იმას, რომ ბ-ნი ირაკლი დუმბაძე და მისი ბიძა ზეიკიძის ფირმების მხოლოდ ნომინალური მფლობელები იყვნენ.

ბ-ნი ირაკლი თავის სარჩელში თავადვე წერს, რომ მას შემდეგ რაც ის დავით ზეიკიძის ოჯახის სიძე გახდა, ზეიკიძეებმა მას თავიანთ წარმოებაში სამსახური (გაყიდვების მენეჯერის პოზიცია) მისცეს. მისი სახელფასო შემოსავლით კი, იგი შპს “ლიდერი-ფუდში“ ვერავითარ ინვესტიციას ვერ განახორციელებდა და არც განუხორციელებია.

აქედან გამომდინარე, „ლიდერი ფუდი“ ყოველთვის დავით ზეიკიძის საკუთრება იყო და არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს საწარმო ფორმალურად მისი სიძის სახელზე ირიცხებოდა. სწორედ ამით აიხსნება ის უსასყიდლო ინვესტიციები, რაც დავით ზეიკიძემ საწარმოში განახორციელა. სიძისადმი დიდ ნდობას დავით ზეიკიძე უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე წერილობით დოკუმენტებს. ამიტომ, ლიდერი-ფუდის საქმეში ფაქტები უმეტეს შემთხვევაში არ შეესაბამება წერილობით დოკუმენტებს. ასე მაგალითად, 2012 წლის 11 ივლისს ბ-ნმა ირაკლიმ ლიდერი-ფუდის 50% დავით ზეიკიძის ვაჟს დიმიტრი ზეიკიძეს 150,000 ლარად მიყიდა, თუმცა სინამდვილეში ადგილი ჰქონდა წილის უსასყიდლო გადაცემას. 2018 წლის 21 მარტს დავით ზეიკიძემ არა მარტო ბ-ნი ირაკლისაგან გადმოიფორმა ლიდერი-ფუდის 50% წილი, არამედ, ამავე დღეს ზუსტად ანალოგიური ხელშეკრულებით დავით ზეიკიძემ მისი ვაჟისგან – დიმიტრისგანაც გადმოიფორმა ლიდერი-ფუდის 50% წილი, ნასყიდობის ფასი აქაც ერთი მილიონი ლარის გადახდას ითვალისწინებდა, თუმცა სინამდვილეში აქაც ადგილი ჰქონდა წილის უსასყიდლო გადაცემას.

ჩვენს მიერ აღწერილი გარემოებები და დასახელებული მრავალი შემთხვევა მოწმობს იმას, რომ შპს “ლიდერი-ფუდის“ რეალური მესაკუთრე იყო დავით ზეიკიძე და არა ბ-ნი ირაკლი დუმბაძე (მიუხედავად მისი რეგისტრირებული მესაკუთრეობისა), რომ ნასყიდობის ხელშეკრულებებში დასახელებული ნასყიდობის ფასები ატარებდნენ ფიქტიურ ხასიათს და რომ არცერთ შემთხვევაში ისინი არ იყვნენ გადასახდელად გამიზნულნი და არც მათი გადახდა არ ხდებოდა.

აი, ამ გარემოებათა დამტკიცებას ვაპირებთ სასამართლოში (რაზეც სათანადო დოკუმენტური ბაზა არსებობს), რაც გამორიცხავს ბ-ნი ირაკლი დუმბაძის სარჩელის დაკმაყოფილებას. თუმცა დავით ზეიკიძის მიზანი მარტოოდენ ლიდერი-ფუდის მესაკუთრეობის დამტკიცება არ არის, მას ბ-ნი ირაკლი დუმბაძის მიმართ შემხვედრი პრეტენზიები გააჩნია.

თუ შეიძლება მოკლედ გვითხრათ, რა შემხვედრ პრეტენზიებზე არის საუბარი?

– როდესაც დავით ზეიკიძემ ლიდერი-ფუდის 100% წილი თავის სახელზე გადმოიფორმა და მას შემდეგ რაც ბ-ნი ირაკლი დუმბაძე საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან წავიდა, ბ-ნმა დავითმა საწარმოს საქმიანობის შემოწმება დაიწყო. შემოწმების შედეგად დიდი ოდენობით თანხების დატაცება და  მრავალი სხვა ფინანსური დარღვევა გამოვლინდა.

ზემოთ ვახსენე, რომ დავით ზეიკიძემ საწარმოს სხვადასხვა დროს 82,000 ევრო და 890,000 აშშ დოლარი მიაწოდა. თანხების მიწოდების პერიოდში შპს “ლიდერი-ფუდის“ დირექტორი ბ-ნი ირაკლი იყო, რომელმაც არასწორი ბუღალტრული გატარებების შედეგად, თანხების საწარმოში შეტანა ისე ასახა, თითქოს თანხები საწარმოში მის მიერ იყო შეტანილი. ზემოაღნიშნულის საფუძველზე ბ-ნმა ირაკლი დუმბაძემ 2017 წლის მაისიდან 2018 წლის მაისის  ჩათვლით, საწარმოდან დაუსაბუთებლად გაიტანა დავით ზეიკიძის მიერ საწარმოსათვის მიწოდებული თანხების დიდი ნაწილი – 1,803,492.27 ლარი. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია აუდიტორული შემოწმებით და ამჟამად ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, ირაკლი დუმბაძემ ლიდერი-ფუდის სალაროდან  გაიტანა საწარმოს კუთვნილი თანხა 1,439,800 ლარი, რომელიც საწარმოს ბუღალტერთან შეთანხმებით არ ასახა კომპანიის ბუღალტერიაში და არც ამ თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოუდგენია. აღნიშნულის თაობაზეც ასევე მიმდინარეობს გამოძიება.

გარდა ამისა, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, ირაკლი დუმბაძემ სალაროდან გაიტანა საწარმოს კუთვნილი თანხა 4,509,852 ლარი, თუმცა კომპანიის საბუღალტრო მონაცემებში აღნიშნული ოდენობის თანხიდან ირაკლი დუმბაძეზე გაცემულად ნაჩვენებია 1,396,788,42 ლარი, ამდენად სხვაობა  3,113,063.08 ლარი, სავარაუდოდ, მითვისებულია ირაკლი დუმბაძის მიერ, რამდენადაც ამ თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები კომპანიაში არ ყოფილა წარმოდგენილი.

სხვა შემთხვევა არის ის, რომ შპს „ლიდერი-ფუდის“ მთავარმა ბუღალტერმა ვლადიმერ გაბრიჭიძემ, რომელიც ირაკლი დუმბაძის დანიშნული პირი და მისი მარჯვენა ხელი იყო, საწარმოს ანგარიშიდან პირად ანგარიშზე თანხების გადარიცხვის გზით მიითვისა საწარმოს კუთვნილი 2,158,682.57 ლარი. აღნიშნული მითვისება წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ამჟამად ვლადიმერ გაბრიჭიძე დამნაშავედ არის ცნობილი შპს “ლიდერი-ფუდის“ კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე. ცალკე საქმედ არის გამოყოფილი და მიმდინარეობს გამოძიება იმის შესახებ, არსებობდა თუ არა დანაშაულებრივი კავშირი ლიდერი-ფუდის ბუღალტერსა და დირექტორს შორის, თუმცა მიუხედავად გამოძიების შედეგებისა, დირექტორს ლიდერი-ფუდის მიმართ იმ ზიანის ანაზღაურებაზე მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება, რომელიც მისი დირექტორობის პერიოდში მოხდა.

გარდა ამისა, 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ერთ-ერთმა აუდიტორულმა კომპანიამ შპს “ლიდერი-ფუდის“ მზა პროდუქციის საწყობში საქონლის მოძრაობა შეამოწმა. ამ ეტაპზე შემოწმებული არის მხოლოდ სამი თვე, რომელიც ბ-ნი ირაკლის დირექტორობის პერიოდში შედის. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა აღურიცხავი პროდუქტის გამოშვებასა და რეალიზაციას, რამაც საწარმოს 417,745 ლარის ზიანი მიაყენა. ესეც დირექტორის პასუხისმგებლობას წარმოშობს.

ასევე, დოკუმენტურად დასტურდება, რომ 2016 წლის 16 თებერვალს ირაკლი დუმბაძემ „ლიდერი ფუდის“ საბანკო ანგარიშიდან გაიტანა 100 000 აშშ დოლარი, რომელიც სალაროს მოძრაობის დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება და არც რაიმე დოკუმენტი არსებობს, რომელიც დაადგენდა თუ რა მიზნით იქნა დახარჯული ზემოაღნიშნული თანხა. შესაბამისად, ეს თანხაც, სავარაუდოდ, წარმოადგენს ბ-ნი ირაკლი დუმბაძის მიერ მითვისებულ თანხას.

გამოვლენის სტადიაში არის სხვა შემთხვევები, რომლებიც სავარაუდოდ დაამტკიცებენ იმას, რომ ბ-ნი ირაკლი მისი დირექტორობის პერიოდში შპს “ლიდერი – ფუდის“ ფინანსებს არასწორად განკარგავდა და ითვისებდა. ყველა ზემოდასახელებული შემთხვევა და სხვა, შესწავლის პროცესში მყოფი გარემოებები, საბოლოოდ, სავარაუდოდ, თავს მოიყრის დავით ზეიკიძის შეგებებულ სარჩელში, რომელიც სასამართლოს წარედგინება მას შემდეგ, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდება და საქმე არსებითად განსახილველად იქნება დაბრუნებული.

 

Comments
Loading...