“არემჯიმ“ პროექტ „იდეების ლაბორატორიის” გამარჯვებულები გამოავლინა

9

ექვსი საფინალო პროექტიდან, კომპანიის წარმომადგენლებისა და არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლის“ წევრებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სამი საუკეთესო პროექტი შეარჩია.

პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორები, კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და ის მიმდინარე წლის შემოდგომას სკოლის ეზოს მოწყობას ითვალისწინებს. მეორე ადგილზე გასული პროექტი დაბაში გამწვანებას და სხვა გარემოსდაცვით აქტივობებს მოიცავს. მესამე ადგილზე გასული გუნდი კი კაზრეთში ზაფხულის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობას გეგმავს.

„იდეების ლაბორატორია“ „არემჯის“ საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში წელს პირველად განხორციელდა და ახალგაზრდებში დიდი ინტერესი და პოპულარობა მოიპოვა.

„იდეების ლაბორატორიის“ ფარგლებში, მოსწავლეებს პრიორიტეტულ თემებად „მწვანე გარემო“ და „სოციალური ურთიერთობები“ განესაზღვრათ. სწორედ ამ ორი იდეის გარშემო მოამზადეს ახალგაზრდებმა საფინალო პროექტები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, „იდეების ლაბორატორიის“ 26 მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები და პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთის ნაცვლად სამმა პროექტმა გაიმარჯვა, რომელთა განხორციელებასაც „არემჯი“ სრულად დააფინანსებს.

,,ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი გამოვიდა ,,იდეების ლაბორატორია“, ისეთი რომელიც მომავალ თაობას დარჩება. ვფიქრობდით, რომ ერთი პროექტი დაიმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ შედეგებმა ყველანაირ მოლოდნს გადააჭარბა. იმის შემდეგ რაც მოვისმინეთ პრეზენტაციები, მივხვდით რომ მინიმუმ 3 პროექტი მაინც უნდა გამხდარიყო გამარჯვებული. მნიშვნელოვანია შემდეგი ეტაპი პროექტების განხორციელების, დიდი იმედი გვაქვს, რომ მონაწილეებთან ერთად დაბის ბავშვებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას და უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს.“ – განაცხადა ,,არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ.

Comments
Loading...