“არავის არ უნდა ჩვენი გაგონება!” – Georgian Airways-ის კრიზისი

19

„სახელმწიფო აეროპორტების გაერთიანების მეშვეობით, დაბალფასიან ავიაკომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი დოლარით აფინანსებს. თითოეულ ტურისტზე, რომელიც ჩამოდის ქვეყანაში მათ დაახლოებით 70 ევროს უხდიან .მეც შემოვიყვან ამ ტურისტს, თანაბარ პირობებში თუ მამყოფებ სხვა უცხოურ კომპანიებთან და უფრო შეღავათიანი ფასი მექნება, მაგრამ არავის არ უნდა ჩვენი გაგონება.“ – ასე აფასებს Georgian Airways_ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია დღეს საქართველოს ავიაბაზარზე არსებულ მდგომარეობას, რომელიც მისი თქმით, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლამ მნიშვნელოვნად შეცვალა.

ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, თუმცა 2019 წლამდე მათი დაინტერესება ქართული ბაზრით ვერავინ შეძლო. კომპანია Ryanair-ი ფრენებს ასრულებს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის რამდენიმე მიმართულებით,2020 წელს კი ახალი მიმართულებების დამატება იგეგმება. ფაქტი Georgian Airways-ისთვის არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა იმ პირობებში, რომ მათი თქმით, კომპანიას არათანაბარი კონკურენცია კიდევ ერთ უცხოურ კომპანიასთან Wizzair-თან უკვე აქვს. მძიმე ფინანსური კრიზისის პირობებში კი, სახელმწიფოსგან დახმარების და თანაბარ პირობებში ჩაყენების პირობაც არ მიუღიათ.

„სამწუხაროდ, რუსეთთან კრიზისს დაემატა Ryanair-ის შემოსვლა და ახლა უკვე მეორე ლოუქოუსთერთან გვიწევს კონკურენცია. მთავრობასთან მიდის მუშაობა, რომ ამ ავიაკომპანიების მსგავსაც მოხდეს ჩვენი დაფინანსებაც და თანაბარ პირობებში აღმოვჩნდეთ. ახლა ვცდილობთ გადავურჩეთ ამ ხელოვნურად შექმნილ არასამართლიან კონკურენტულ გარემოს, რომელიც მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ჯაჭვის შედეგად შეიქმნა.“ – ამბობს რომან ბოკერია.

Georgian Airways-ი დიდი ხანია ხელისუფლებას ბრენდის განვითარებას,მარკეტინგის საკითხებში დახმარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას სთავაზობს, თუმცა, რომან ბოკერიას თქმით, ამ ეტაპზე ბრენდის განვითარებამდე მისასვლელად კომპანია გაკოტრების საფრთხეს ებრძვის.

„მარკეტინგი და ბრენდის განვითარება ჩემი პირველი პრიორიტეტი იყო როცა ამ თანამდებობაზე დავინიშნე.ახლა მიმდინარეობს მუშაობა შექმნილი ფინანასური კრიზისიდან თავის დასაღწევად. ჩვენ ვართ საქართველოს ბრენდის რეკლამირების საუკეთესო საშუალება, რომელიც დაფრინავს მსოფლიოს მასშტაბით და აფრიალებს საქართველოს დროშას. ქვეყნის ამგვარი რეკლამისთვის მთავრობას ჯერჯერობით ერთი თეთრი არ გაუღია.

აუცილებელია ერთობლივი პორექტების განხორციელება სახელმწიფოსთან, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიგვიღია. მიუღებელია ის გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ, თითქოს ქვეყნის ტურიზმის განვითარებას ემსახურება და მეორეს მხრივ, ეროვნულ ინდუსტრიას ანგრევს. ამ დარგის ასე მიტოვება დახმარების გარეშე და არაკეთილსინდისიერ გარემოში, არ არის სამართლიანი, ალბათ ჩვენს გაკოტრებას ემსახურება. ამიტომაც ამ ომში ვართ ახლა, ბრენდის განვითარებასა და მარკეტინგამდე ვერ მივაღწიეთ, სული გვინდა მოვითქვათ.

ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ვინც თვითმფრინავებს გვაძლევენ და ვისთანაც გადასახადები გვაქვს, ისინი უფრო პატივს გვცემენ ხელს გვიწყობენ და გვეხმარებიან, რასაც ჩვენს მთავრობაზე ვერ ვიტყვი. სახელმწიფოს სტრატეგიული მიმართულების დარგის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობა არის სახელმწიფო ღალატი.“ – აღნიშნა Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა.

რომან ბოკერიას თქმით 2019 წელს ავიაკომპანია Georgian Airways-ი 500 ათასამდე ტურისტს მოემსახურა, თუმცა, მოლოდინი 850 ათასი ტურისტი იყო. 2019 წლის მონაცემები 2018 წელთან შედარებით 70 ათასითაა შემცირებული, რადგან 2018 წელს ტურისტების რაოდენობამ 570 ათასი შეადგინა.

წყარო: commersant.ge

Comments
Loading...