აპრილში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი გაიზარდა

19

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – აპრილში, რძისა და ხორცპროდუქტების ფასების ცვლილების ხარჯზე გაიზარდა და 170 ერთეული ქულა შეადგინა, რითაც ამ წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

მარტის თვესთან შედარებით, აპრილში ფასების ინდექსი 1.5%-თაა მომატებული, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულთან შედარებით 2.3%-ით ნაკლებია.

ფასების ზრდა შეეხო სამომხმარებლო კალათის თითქმის ყველა პროდუქტს, გარდა მარცვლეულისა, რაც განპირობებული იყო მარცვლოვანი კულტურების კარგი მარაგებით, რის გამოც აღნიშნულ კულტურებზე ფასები 2.8-ით შემცირდა.

უკვე მეოთხე თვეა იზრდება რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. მარტის თვესთან შედარებით, აპრილში მაჩვენებელი 5.2%-ით არის მომატებული, რაც გაზრდილი მოთხოვნითა და ოკეანიის ქვეყნებიდან მიწოდების შემცირებითაა განპირობებული.

3.0%-ით არის გაზრდილი FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი, რის უმთავრეს მიზეზს აზიაში, კერძოდ კი ჩინეთში, ღორის ხორცზე გაზრდილი მოთხოვნა წარმოადგენს. ჩინეთში აღნიშულ პროდუქტზე მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში ღორის აფრიკული ცხელების დაავადების აფეთქებით და სწრაფი გავრცელების შედეგია. სხვა ხორცის სახეობებზე: ფრინველის, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ხორცზე ფასების ცვლილება აპრილში არ დაფიქსირებულა.

მცირედით, 0.9%-ითაა გაზრდილი FAO-ს მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი. თუ პალმის ზეთზე ფასის ზრდა მომატებული მოთხოვნითა და მომწოდებელ ქვეყნებში მარაგების სიმცირემ განაპირობა, სოიოს ზეთის შემთხვევაში, ფასის ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სოიოს ზეთის მოჭარბებულმა გამოყენებამ განაპირობა.

უმნიშვნელოდ 0.8%-ითაა გაზრდილი FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, რაც ბრაზილიაში, ერთ-ერთ უმსხვილეს შაქრის მწარმოებელ ქვეყანაში, შაქრის ლერწმის ეთანოლის წარმოებაში გამოყნებით არის ნაკარნახევი.

Comments
Loading...