ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიაში ინვესტიციებს გაზრდის

14

უდიდესი ამერიკული კომპანიის SSA Marine-ს დირექტორთა საბჭომ ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

SSA Marine ანაკლიის პორტის აქციონერი და ოპერატორია. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა” და SSA Marine-ს შორის ორწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგია ამერიკული კომპანიის ეს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ მნიშვნელობას.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ვიცე-პრეზიდენტის თედო ჯაფარიძის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორების გადაწყვეტილება პორტში ინვესტიციის გაზრდის შესახებ ძალიან დიდი, სტრატეგიული მნიშვნელობის ფაქტია, რაც ერთის მხრივ, ხაზს უსვამს შავი ზღვის აკვატორიის და იქ გამავალი სავაჭრო-ეკონომიკური ვექტორებისა და დერეფნების უზარმაზარ პერსპექტივას და მეორეს მხრივ, ადასტურებს საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

“ამდენად ეს სიახლე პოლიტიკურ კონტექსტშიც უნდა შევაფასოთ”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ და დასძინა, რომ SSA Marine-ის მიერ ანაკლიის პორტის დაფინანსების გაზრდა ძლიერი სიგნალია სხვა ინვესტორებისთვისაც და უშუალოდ პროექტის წარმატებით განხორციელების გარდა, ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობის საიმედოობისა და საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებას.”

Comments
Loading...